ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მონახულების ნებართვას ითხოვს

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 46-მა დეპუტატმა წერილობით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, მოთხოვნით, “განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად“. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერცერთი დეპუტატი ვერ ახერხებდა სააკაშვილის მონახულებას.

მისი თქმით, „გუშინ გავრცელებულმა კადრებმა პრინციპში ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ – იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“. შესაბამისად, დეპუტატი მოითხოვს „დაუყოვნებლივ მოხდეს დაშვება საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე, როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, რათა მსოფლიომ იცოდეს სიმართლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“.

ბოკუჩავამ ასევე მიმართა პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, შეუერთდნენ დღეს საღამოს დაგეგმილ აქციას კლინიკა „ვივამედისთან“, გააპროტესტონ სააკაშვილის მიმართ ამგვარი მოპყრობა და მოითხოვონ მისი გათავისუფლება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილი დღეს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პატიმარია. მან პროტესტისკენ მოუწოდა ხალხს, რათა რუსეთის რეჟიმს ეცნობოს, რომ რუსული რევანშიზმი საქართველოში არ იქნება დაშვებული

გუშინ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დამსწრე სააკაშვილის შემზარავმა გარეგნობამ აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლადიმერ ზელენსკიმ მოითხოვა სააკაშვილის დაუყოვნებლივ უკრაინისთვის გადაცემა (მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა). ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დაავალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button