skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს სტუმრობს

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსაც ესტუმრა და თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. იგი ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიიწვია ერთ-ერთ სპიკერად.

შეხვედრა პრეზიდენტთან

30 ივნისს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვევისთვის და  ხაზი გაუსვა  მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში, ასევე კონფლიქტების რეგულირების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას.  

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელობას. მისი თქმით, ევროპის საბჭო ყველა ზომას მიმართავს, რათა მოხდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება რუსეთის მხრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, როდესაც დაიწყება სამშვიდობო პროცესი უკრაინაში, რუსეთს ნათლად ეთქვას მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან სად არის მისი საზღვრები და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის საკითხი გადაწყდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.

ამავე ინფორმაციით, ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა ვენეციის კომისიიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ევროკავშირის რეკომენდაციების წარმატებით განხორციელების კუთხით.

შეხვედრა პრემიერმინისტრთან

1 ივლისს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 30 ივნისს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოს სტუმრობს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, განუზომელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მნიშვნელობა, რომლითაც ევროპის საბჭო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, „ყურადღება გამახვილდა გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებზე ‘კონფლიქტი საქართველოში’, რომლებიც წელიწადში ორჯერ მიიღება და დეტალურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას“.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებაც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ილია დარჩიაშვილმა მარია ბურიჩს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან

ვიზიტის ფარგლებში მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა საქართველოს პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით, რაც ასახულია ევროპის საბჭოს ორგანოების დასკვნებსა და ანგარიშებში.

საუბარი ასევე შეეხო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, რომლის შედეგადაც ციხეებში აღმოფხვრილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა. მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მიღებული ზომების შედეგად, პატიმრებს საშუალება აქვთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და შეიძინონ მოთხოვნადი პროფესიები; ჰქონდეთ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება; მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში; პენიტენციურ დაწესებულებებში ისარგებლონ იუსტიციის სახლის სერვისებით; დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი.

ამავდროულად, დადებითად შეფასდა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც საქართველოს სასამართლოები სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს პროაქტიულად გამოიყენებენ და ამით ქართული მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების მნიშვნელობაზე და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ამ პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button