ახალი ამბები

ეროვნული ბანკის საბჭომ ნათია თურნავა პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩია

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 22 ივნისს ნათია თურნავა ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩია. ეს თანამდებობა პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად შეიქმნა.

ნათია თურნავა პროფესიით ეკონომისტია და ფლობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. 2014 წელს დაამთავრა დიდი ბრიტანეთის კამბრიის საგრაფოს უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა იგი 2022 წლის 7 ივნისს აირჩია.

2019-2022 წლებში, თურნავას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  თანამდებობა ეკავა, ხოლო 2018-2019 წელს კი – მინისტრის მოადგილის თანამდებობა. მანამდე ის, ხუთი წლის განმავლობაში, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. 2006-2013 წლებში კი თურნავა შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) დირექტორთა საბჭოს წევრი და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. უფრო ადრე, 2000-2005 წლებში, თურნავას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

„დიდი პასუხისმგებლობაა, დაიკავო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ორგანიზაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე… ბუნებრივია, რომ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა/პროექტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობდა, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების და უახლესი ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა. ასევე, ჩვენი მანდატის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისათვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან „ძლიერი, ეფექტიანი და მჭიდრო“ თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან. „შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია ქვეყნის ყველაზე მთავარი საკანონმდებლო აქტით საქართველოს კონსტიტუციით და “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონით. ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებში, იქნება კოორდინაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან“, – განაცხადა ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა.

კანონში ცვლილებები ექსპერტებმა და საერთაშორისო სავალუტი ფონდმა გააკრიტიკეს. ამ უკანასკნელის თქმით, ცვლილებებით ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს, როლი.

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს მისი არყოფნის შემთხვევაში. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, მის მოვალეობებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button