პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი კონკრეტდება და საბჭოში აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა იზრდება.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და იგი პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად მუშაობს, ცვლილებები „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!“.
„რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ასევე, ჩნდება ეჭვი, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა“.
„ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – აცხადებს პრეზიდენტი და „იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული“.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, 9 თებერვალს 83 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაჩქარებული წესით მიიღეს. ცვლილებებით ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთი – პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაემატება, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს. არსებული რედაქციით, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას 3-დან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა. ამასთან, ცვლილებებით, ბანკის საბჭოში აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 4-დან 5-მდე გაიზრდება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ეროვნულმა ბანკმა (სებ) განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა და მასზე საკუთარი შენიშვნები წარადგინა. სებ-მა განმარტა, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, პრაქტიკაში, ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი არასდროს შეფერხებულა და, მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას 16 თვის განმავლობაში ასრულებდა.
ამასთან ეროვნულმა ბანკმა ასევე განმარტა, რომ „კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი [ამ დროისთვის 1 პოზიცია ვაკანტურია] იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს, როლი ვინაიდან, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან“.
ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“ შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)