პარლამენტის თავმჯდომარემ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებს ხელი მოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს 20 ივნისს ხელი მოაწერა. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
საქართველოს პარლამენტი იტყობინება პაპუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ცვლილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდა 3 ვიცე-პრეზიდენტი, ამავე დროს, კანონი არ აწესებდა რაიმე წესს, მათგან რომელი ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ან რა პროცედურით უნდა მომხდარიყო რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება. ამ საკითხის მნიშვნელობა დადასტურდა მას შემდეგაც, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. ამ ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად, პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო რეგულირების გზით მოეგვარებინა.
„ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებული არსებული რეგულაციისა, დანიშნავს და გაათავისუფლებს თავად ეროვნული ბანკის საბჭო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „ამგვარად, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“.
დაგეგმილმა ცვლილებებმა ოპოზიციისა და ექსპერტების კრიტიკა გამოიწვია. სულ ბოლო კრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა, რომლის თქმითაც, ცვლილებებით ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს, როლი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 თებერვალს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა მოგვიანებით, 13 ივნისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)