Placeholder canvas
ახალი ამბები

სებ-ი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის საფრთხეებზე საუბრობს

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ეროვნული ბაკის შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას, რომელთა მიხედვითაც, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი კონკრეტდება და საბჭოში აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა იზრდება. სებ-ი შიშობს, რომ ცვლილებებით გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს ფუნქცია. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კონკრეტულად რა იცვლება კანონში?

ცვლილებებით, რომლებიც პარლამენტში 1 თებერვალს დარეგისტრირდა და დეპუტატებმა 8 თებერვალს პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდე ერთი – პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაემატება, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს. არსებული რედაქციით, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას 3-დან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა. ამასთან, ცვლილებებით, ბანკის საბჭოში აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 4-დან 5-მდე გაიზრდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცვლილებების აუცილებლობა იმით არის ახსნილი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას და რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება.

„იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი თეორიული ბუნდოვანება, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართული საქმიანობა, მიზანშეწონილია დაზუსტდეს ორგანული კანონის შესაბამისი დანაწესები“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ეროვნული ბანკის გამოხმაურება

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები თავად ეროვნულმა ბანკმა წარადგინა და განმარტა, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, პრაქტიკაში, ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი არასდროს შეფერხებულა და, მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას 16 თვის განმავლობაში ასრულებდა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტის მიზანი აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა, შესაძლებელია პირველ ვიცე-პრეზიდენტად ორგანული კანონით გათვალისწინებული 3 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი განისაზღვროს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ ერთი აღმასრულებელი წევრის დამატება საჭირო არ იქნება“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

„კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი [ამ დროისთვის 1 პოზიცია ვაკანტურია] იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს, როლი ვინაიდან, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან“, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამასთან, სებ-ის განმარტებით, საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობაში ყოფნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი გასულ წელს „საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც“ (IMF). ამდენად, ბანკი განმარტავს, რომ აუცილებელია ისეთი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები „მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იქნებიან“.

ეროვნული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“ შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება“.

„ასეთი სახის ცვლილებები დეტალურ ანალიზს, აქტიურ კონსულტაციებს საჭიროებს, მათ შორის, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, როგორც მინიმუმ, ჩვეულებრივი (არადაჩქარებული) წესით განხილვას იმსახურებს“, – აცხადებენ სებ-ში და პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button