skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას სტუმრობს, სადაც უკვე შეხვდა თავის შვეიცარიელ კოლეგას, იგნასიო კასისს  და ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, მარტინ კანდინასს. ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდსაც შეხვდება.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

19 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის შვეიცარიელ კოლეგას, იგნასიო კასისს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის „სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები“ განიხილა.

ილია დარჩიაშვილმა იგნასიო კასისს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის „მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოქალაქეებს შორის  შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტებში შვეიცარიის  კონტრიბუციისთვის“.  აღინიშნა, რომ შვეიცარიის დახმარება დღევანდელ, გამოწვევებით სავსე გარემოში, კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს.

მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. „ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპის კონტინენტისთვის და რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების პრესრელიზში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და ვაჭრობის მიმართულებით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ საქართველოში, ამასთან გაზრდილია როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე  შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა. ხაზი გაესვა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რომელმაც „დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში“.

საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან

შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, მარტინ კანდინასს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი  ვიზიტი შვეიცარიაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს   ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს,  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

ილია დარჩიაშვილმა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას.

ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და შვეიცარიის პარლამენტებში არსებული მეგობართა ჯგუფების მუშაობა. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სამომავლო პერსპექტივები.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button