ახალი ამბები

სახალხო დამცველმა 2 ივნისის აქციის მონაწილეთა საქმეებზე სასამართლოს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეთა საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, „ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას“.

სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ინფორმაცია წარუდგინა საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ.

სახალხო დამცველის თქმით, საქმის მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს. „საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი სრული მასალების წარმოდგენის შემდეგ, გააგრძელებს აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების საქმეების შესწავლასაც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button