თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ამ წუთებში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით – „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები რუსეთიდან და რუსეთში რეისების „სასწრაფოდ“ აკრძალვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე“. ამასთან, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით „შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი“.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 20:00 სთ-ზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს, თბილისში საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი დაეშვა. პირველ რუსულ თვითმფრინავს თბილისში პროტესტით დახვდნენ. უკმაყოფილება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. „ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა მაინც განახორციელა არასასურველი ფრენა თბილისში“, – დაწერა მან Twitter-ზე.
საზოგადოების პროტესტი მიუხედავად, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმებიან მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ „ჰუმანიტარული თვალსაზრისით“ ყველა გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას, გადაადგილებას და ბიზნესის კეთებას გაუადვილებს, „არის დადებითი და მისასალმებელი“.