Placeholder canvas
ახალი ამბები

რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირი საქართველოს 60 მლნ ლარით დაეხმარება

რამდენიმე სექტორში, მათ შორის, ეკონომიკური და ბიზნესის, ასევე ცოდნა-უნარების განვითარების, შრომის ბაზრის რეფორმის, რეგიონული და სოფლის მეურნეობის, აგრეთვე სურსათის უვნელობის კუთხით მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის საქართველოს დაახლოებით 60 მლნ ლარით (20.87 ევრო) დაეხმარება.

საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია და გაერთიანებულია დამატებით მხარდაჭერასთან, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს ისეთ რეფორმებს, როგორებიცაა: გრანტები და ტექნიკური დახმარება სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ან მცირე რეგიონული ბიზნესისთვის ევროკავშირის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 9 თებერვლის განცხადებით, თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა:

  • ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობის კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით. თუმცა, ვერ მოხერხდა რამდენიმე ინდიკატორის შესრულება წინა წლებში მნიშვნელოვანი კანონების მიღების შეფერხების გამო.
  • ცოდნა-უნარების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Skills4Jobs): ძალიან კარგი წინსვლა შეინიშნება შრომის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით; ეს აშკარად ჩანს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობის 114%-ით ზრდაში. ასევე კარგი წინსვლა დაფიქსირდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის, ასევე სტუდენტების ჩარიცხვის მზარდი რაოდენობის მიმართებაში. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ვაკანსიების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების შეფერხების გამო შესაძლოა, რომ თანხის მცირე ნაწილი ვერ გადაირიცხოს.
  • ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა: პროგრამამ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, მათ შორის, არის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობის გრანტების გაცემა ოთხ სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ისე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად.
  • სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV): აღინიშნება კარგი წინსვლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა და თემების ცხოვრების პირობების შემდგომი გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობაში, ტყის ტერიტორიის აღდგენასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სერტიფიცირებული თესლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლომდე არ დაკმაყოფილდა სანერგეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ერთი ინდიკატორი, რის შედეგადაც გადახდა ნაწილობრივი იყო.

ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტია და ის პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. საბიუჯეტო მხარდაჭერა შესრულებაზეა დამოკიდებული და ის გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია შეთანხმებული შედეგები. ამასთან, ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში დამაკმაყოფილებელი შედეგების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button