ილია დარჩიაშვილი ისრაელს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც 1-3 მაისს ისრაელს სტუმრობს, პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს, ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრს, ნირ ბარკატს, ასევე ქნესეთის სპიკერს, ამირ ოჰანას და ისრაელელ კოლეგას, ელი კოენს შეხვდა.
შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იცხაკ ჰერცოგმა და ილია დარჩიაშვილმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. მათვე ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი.
Delighted to host Georgia’s Foreign Minister @iliadarch & Deputy Minister @AlKhvtis, at the President's Residence this morning. We discussed ways to deepen and expand our strong relations based on the deep and historic 2600 year connection between the Georgian and Jewish peoples. pic.twitter.com/TsXp9qpwsj
— יצחק הרצוג Isaac Herzog (@Isaac_Herzog) May 2, 2023
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. იცხაკ ჰერცოგმა დაადასტურა ისრაელის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
შეხვედრა ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან
ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან, ნირ ბარკატთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. „ხაზი გაესვა თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ილია დარჩიაშვილმა და ნირ ბარკატმა ხელი მოეწერეს საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას.
ქნესეთის სპიკერთან შეხვედრა
ორი ქვეყნისისტორიული მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და ამირ ოჰანამ. მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.
„აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის, როგორც ქვეყნებს შორის მულტიდისციპლინური თანამშრომლობის განვითარების როლი და მნიშვნელობა. ასევე აღინიშნა საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ნაყოფიერი საქმიანობა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა“.
შეხვედრა კოლეგასთან
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრება. მათვე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.
მათვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს, რა დროსაც, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოეწერეს „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. მათვე „საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივი დეკლარაციის“ ხელმოწერის მნიშვნელობაც აღნიშნეს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/05/2022 – ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ესტუმრა
- 02/09/2021 – საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)