Placeholder canvas
ახალი ამბები

აზერბაიჯანმა და საქართველომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24 აპრილის განცხადებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა.

მათვე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და აღინიშნეს, რომ „სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკას გაუსვეს ხაზი, „რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც მოიპატიჟა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები. ამ კონტექსტში ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას გაუსვა ხაზი.

ოფიციალურ შეხვედრამდე, ჯუანშერ ბურჭულაძემ „საპატიო ხეივანში“ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button