სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების ქართველი მეთაური დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 22 აპრილს განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე, მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ამავე ინფორმაციით, 2013-2015 წლებში იგი „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.
„დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 10-17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, – აცხადებენ სუს-ში.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/12/2022 – სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
- 17/05/2020 – უკრაინამ საქართველოს ინტერპოლით ძებნილი და ტერორიზმში ბრალდებული მოქალაქე გადმოსცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)