skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისთვის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააუქმა სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც ევროპარლამენტში მისი გამოსვლა იგეგმებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით“.

განცხადება ხაზს უსვამს ვიზიტისა და ევროპარლამენტში გამოსვლის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების კონტექსტში და აცხადებს, რომ „ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“.

მთავრობის ადმინისტრაცია მალევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის „მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება“. „ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button