ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 7 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

როდესაც დეგნანს ჰკითხეს-  რაზე ისაუბრეს მათ და განიხილეს თუ არა ქართველ მოსამართლეებზე დაკისრებული სანქციების საკითხი – აშშ-ის ელჩმა უპასუხა: „ყოველთვის ძალიან სასარგებლოა სპიკერთან იმ საკითხების განხილვა, რაზეც ერთობლივად ვმუშაობთ. დღეს განვიხილეთ თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეუძლია აშშ-ს გაუწიოს პარლამენტს სამართლებრივი რეფორმების საქმეში. ჩვენ წლებია ძალიან კარგად ვმუშაობთ სასამართლო რეფორმაზე და ველით ამ მუშაობის გაგრძელებას“.

აღნიშნა რა, რომ სასამართლო რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან ორია, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირისგან დეკემბერში დადებით პასუხს მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ „კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“, როგორც ამის თაობაზე მარტში ვენეციის კომისიამ განაცხადა, მათ შორის, რიგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სასამართლო რეფორმის, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის განხორციელების კუთხით.

ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მოაგვაროს სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ არსებული ბრალდებები. ეს არის შესაძლებლობა, რომ ამ ხელისუფლებამ აჩვენოს ერთგულება კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა ჩამოაყალიბოს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოაგვარებს ბრალდებებს კორუფციის შესახებ, ასევე „გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელად“.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ელჩს სანქციების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ რიტორიკაზე, ასევე შესაძელო უკანონო მიყურადებისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის ბრალდებებზე დაუსვა კითხვა, ელჩმა განაცხადა, რომ მან არ იცის, რა სატელეფონო ზარებზეა საუბარი. რაც შეეხება „მეორე ფრონტს“, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად მცდარია. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც აშშ-ს სურს საქართველოს საფრთხე შეუქმნას და დასძინა, რომ პირიქით, „აშშ ძალიან მგრძნობიარეა იმ პოზიციის მიმართ, რომელშიც საქართველო იმყოფება, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია აგრესორის, რუსეთის მიერ“.  მან ასევე განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, რომ „ეს შეთქმულების თეორიები მეორდება და ზოგჯერ მათ მმართველი პარტიის წევრებიც ახმოვანებენ“, განსაკუთრებით „როდესაც მათ იციან, რომ ეს 100%-ით მცდარია“.

პარლამენტის მიერ რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე დასმულ კითხვაზე, დეგნანმა განაცხადა, რომ „აშშ ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე მხარდამჭერია და ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს პროფესიონალურ ეთიკურ ჟურნალისტიკას და სწორედ ეს კომბინაცია უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სწორი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას“.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია, პარლამენტს ევალება ქცევის წესების დადგენა, მნიშვნელოვანია, რომ ეს წესები სამართლიანად და მიუკერძოებლად განხორციელდეს.

თავის მხრივ, ელჩთან შეხვედრისა და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ისაუბრეს, თუ რა მტკიცებულებზე დაფუძნებით იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და ელჩმა თქვა, რომ „ძირითადად, საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობიან“.

პაპუაშვილის თქმით, „სპეციფიკურად რომელი ესა თუ ის ინფორმაცია არის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება… ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა, მათი, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარტნიორები ასე არ იქცევიან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button