ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კელი დეგნანს „ძლიერ მხარდაჭერას“ უდასტურებს 

6 ოქტომბერს, თბილისში, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იგი გამოხატავს ვაშინგტონის ძლიერ მხარდაჭერას იმ „უზარმაზარი სამუშაოს“ მიმართ, რომელიც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და მისმა გუნდმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დასახმარებლად გასწიეს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც საელჩოსა და ელჩ დეგნანზე პირად თავდასხმებს ჰქონდა ადგილი“.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ერთი კაცის მიერ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ სიმართლისა და რეალობის დაფარვაა.

ამ კონტექსტში, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ „ყოველთვის სცემს პატივს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ისევე როგორც ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან“, – აღნიშნა ჯენკინსმა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს 5-7 ოქტომბერს სტუმრობს და კონფერენციაზე დასწრების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და საერთო სტრატეგიული ინტერესის მქონე საკითხებს, მათ შორის, საზღვრის უსაფრთხოებას, საბაჟო და თავდაცვის საკითხებს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button