ენგურის გამშვებ პუნქტზე დროებითი შეზღუდვები ამოქმედდა
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა „თბილისში 9 აპრილს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის წინ“, მდინარე ენგურის გამშვები პუნქტის კვეთაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. აფხაზეთის „სასაზღვრო სამსახურის“ უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ გამონაკლისი შეეხებათ ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ მიემგზავრებიან და ხანდაზმულებს. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის პირობები არ შეცვლილა.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოხატა გამშვები პუნქტების ხშირი და არაპროგნოზირებადი დაკეტვის გამო და განაცხადა: „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
მიუხედავად ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების განცხადებისა, რომ გამონაკლისს დაუშვებენ, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტების დახურვა უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას.
სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. „კერძოდ, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით“, – განაცხადა მან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ „საოკუპაციო ძალის აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მორიგ აქტს და აუარესებს, როგორც ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების გარემოს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/07/2021 – ენგურის გამშვები პუნქტი გაიხსნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)