skip to content
ახალი ამბები

სოსო გოგოაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ (სოსო) გოგაშვილი დამნაშავედ ცნო ხუთივე მუხლით წარდგენილ ბრალში და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სოსო გოგაშვილი 2022 წლის 16 ივლისს, გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი თავდაპირველად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით წარუდგინეს. მოგვიანებით, მას ბრალი სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლებითაც დაუმძიმეს.

გოგაშვილის დაკავების შემდეგ, მისი მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი ამბობდა, რომ მის ქმარს სამართალდამცველებმა ერთი ცეცხლსასროლი იარაღი საწოლის ქვეშ მეორე კი – კარადაში, საწოლის გვერდით მდებარე ტუმბოში კი – „ფლეშკა, კომპიუტერი, წერილობითი დოკუმენტები და მეხსიერების ბარათი“ ჩაუდეს.

მის მიმართ წაყენებულ ბრალს უარყოფდა თავად გოგაშვილიც და საპატიმროდან მოქმედი ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა მამხილებელ ინფორმაციასაც ავრცელებდა. მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის გატაცება და შს ყოფილი მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემა ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა. მანვე ივანიშვილი „ოჯახის განადგურების“ მუქარაშიც დაადანაშაულა.

საგულისხმოა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის დაკავებას წინ უძღვოდა, ხელისფლებასთან დაახლოებული ტელეწამყვანისა და მომღერლის გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება. ჩანაწერის აღწერის თანახმად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტები მათთვის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული „საიდუმლო ფაილების“ გაშუქებაზე მსჯელობენ.

ამასთან, ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, 15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მმართველი ძალა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში ამხილა და თქვა, რომ არჩევნების გაყალბების „მთლიანი სტრუქტურის“ შესახებ მტკიცებულებები „ყველა შესაბამის ორგანიზაციას“ გადასცა, ასევე „თვითმხილველები და მოწმეები „ მედიას და სხვა ორგანიზაციებს დააკავშირა. „რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – მიმართა მან მმართველ გუნდს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button