skip to content
ახალი ამბები

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ საუბრობს

იმერეთის რეგიონში სტუმრობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული და რომ მას 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს.

„ეს იქნება ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი“, – აღნიშნა ელჩმა ჰერჩინსკიმ და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა გაუძღვეს საქართველოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

„ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა. მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. ამ პროგრესს წელს მოგვიანებით შევაფასებთ და დეკემბერში 27 წევრი სახელმწიფო მომდევნო ნაბიჯების თაობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობა „საქართველოს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს, რადგან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების სტანდარტის ზრდას“. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამას ეროვნული კონსენსუსი სჭირდება და რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად უნდა იმუშაოს კომპრომისის, ინკლუზიურობისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით.

როდესაც ელჩს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მონაწილეობის გამო მმართველი პარტიის კრიტიკის თაობაზე ჰკითხეს, ელჩმა განაცხადა, რომ „ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრია და მას თავისუფლად შეუძლია აქ, საქართველოში ჩამოსვლა და თავად არჩევა, თუ სად მივიდეს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button