ახალი ამბები

Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ნიკა გვარამიას პატიმრობას გმობენ

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა დაგმეს.

„ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აშკარა ქმედებაა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და [საქართველოს] ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ“, – განაცხადა Amnesty International-ის დირექტორმა  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მარი სტრუტერსმა 17 მაისს.

აღნიშნა რა, რომ გვარამიას 3.5-წლიანი პატიმრობა ემუქრება, „რადგან მთავრობა განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ მიმართულ ძალისხმევას აძლიერებს“, სტრუტერსმა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, გვარამიას გასამართლებამ  გამოააშკარავა „მზარდი შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების კლებასთან დაკავშირებით და რიგ საქმეებში სასამართლოებზე ხელისუფლების მზარდი გავლენა გამოავლინა, რაც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და ოპონენტების გაჩუმებას ისახავს მიზნად“.

Amnesty International-ის წარმომადგენელმა გვარამიას წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომლის მიზანიც „გამოხატვის თავისუფლების ჩახშობაა“.

მან ასევე განაცხადა, რომ Amnesty International-ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქმეში არ იყო ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, როგორც ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და საქართველოს სახალხო დამცველი მიანიშნებდა.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულმა დირექტორმა, გიორგი გოგიამ 16 მაისს Twitter-ზე დაწერა, რომ  გვარამია „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყალბი ბრალდებით“ გაასამართლეს და დააპატიმრეს.

მანვე დასძინა, რომ მთავარი არხის ხელმძღვანელის პატიმრობა „უზარმაზარი დარტყმაა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button