ახალი ამბები

არასამთავრობოები პრეზიდენტს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, ვეტო დაადოს მმართველი გუნდის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ.

5 იანვარს გავრცელებულ საერთო განცხადებას ხელს 16 ორგანიზაცია აწერს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.

განცხადების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, „ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება“.

ორგანიზაციები მიესალმნენ პრეზიდენტის 27 დეკემბრის კრიტიკულ გამოხმაურებას კანონპროექტის მიმართ, სადაც იგი განხილვის შეწყვეტას და ყველა მხარისთვის არგუმენტების წარდგენის საშუალების მიცემას ითხოვდა. მათ პრეზიდენტს მოუწოდეს, კანონპროექტს ვეტო დაადოს და იგი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს.

სალომე ზურაბიშვილს ვეტოს უფლება აქამდე არ გამოუყენებია. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღების შემდეგ კანონპროექტი პრეზიდენტს 10 დღის ვადაში გადაეგზავნება. თუკი პრეზიდენტი მას ხელს არ მოაწერს და ამის ნაცვლად კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნებს, საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ან შენიშვნები მიიღოს, ან ვეტო დაძლიოს, რისთვისაც მას 76 ხმა დასჭირდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 28 დეკემბერს გააჟღერა, რომ თუკი პრეზიდენტი კანონპროექტს დააბრუნებს, იგი მმართველი პარტიის მიერ ვეტოს დაძლევის მომხრეა.

29-30 დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომებზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ძლიერი ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭირეს მხარი. პარტიის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო ფუნქციონირებას 2022 წლის მარტიდან შეწყვეტს, მის ნაცვლად კი ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება.

ცვლილებების მიმართ კრიტიკა მოიცავდა ორგანოს დაშლის ნაჩქარევ და გაუმჭვირვალე პროცესს, ასევე შესაძლო მცდელობას, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის გამოძიებისას მმართველი გუნდისთვის მიუღებელი მიდგომის გამო დაესაჯათ. თავად „ქართულ ოცნებაში“ კი ირწმუნებოდნენ, რომ ცვლილებები სამსახურის ნაცვლად წარმოქმნილ ახალ ორგანოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად უფრო ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button