Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა 6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე არ გაიზიარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 79 ხმით დაძლია. გადაწყვეტილებას 27-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 7 ივნისს მიღებული ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება და შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით. 77 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, ცვლილებები პირის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განუსაზღვრელად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ მათ არც იცოდნენ ამ თვალთვალის შესახებ.

სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ მიღებული კანონპროექტი „მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს… და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს“. მან დაგმო ის ფაქტიც, რომ კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი „მოტივირებული შენიშვნები“ კანონპროექტთან დაკავშირებით. „ეს არის კონსტიტუციური დოგმა და საკანონმდებლო მოთხოვნა, რაც პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენლობამ ელემენტარულ დონეზეც ვერ უზრუნველყვეს“, – აღნიშნა მან.

ვეტოს დადებისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და ევროპული“.

ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც გააკრიტიკა  ფარული საგამოძიებო მოქმებების შესახებ მმართველი პარტიის მიერ მიღებული „ნაჩქარევი“ ცვლილებები და ხელისუფლებას მისი გადახედვისკენ მოუწოდა.

საქართველოში ევროკავშირის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა 8 ივნისს შეშფოთება გამოხატა სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლებიც „მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button