skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს

„ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე და სოლიდარობა გამოხატა ქალების მიმართ, რომელთაც ბოლო დღეებში, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ დამფუძნებელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.

პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ქმედებებს „ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია“ და „შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს“. „ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი“, – დაამატა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა შალვა რამიშვილისადმი მმართველი გუნდისა და „ქართული ოცნების“ მომხრეთა მხარდამჭერ განცხადებებზეც მიანიშნა და აღნიშნა, რომ „კიდევ უფრო შემაშფოთებელია“ ქალზე ძალადობის „სხვადასხვა ფორმით გამართლება“.

„გაუმართლებელს ამართლებენ, თავიანთ სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა: „მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება“.

„როცა ხელისუფლება თავს იწონებს 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით გამეორებით ეძალადება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა „ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა!“.

პრეზიდენტის ბრიფინგს წინ უსწრებდა სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლის, თათია სამხარაძის პრეზიდენტისადმი დღევანდელი მიმართვა. სამხარაძემ „პოს ტვ-ის“ გადამღები ჯგუფი სახლთან მივარდნაში დაადანაშაულა. „როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!“, – დაწერა მან Facebook-ზე. თათია სამხარაძემ ერთ-ერთ პირველი იმ ქალთაგან, რომელმაც რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და სასამართლო დავაც მოუგო. თავად რამიშვილი მის მიმართ ბრალდებებს „ცილისწამებას“ უწოდებს და მისი ტელევიზიის მიმართ „მადისკრედიტირებელი კამპანიის“ ნაწილად აფასებს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button