ახალი ამბები

რამიშვილის ადვოკატი სტეფნაძის ჩვენებაზე საუბრობს

დღეს წინასწარი დაკავების საკანში მყოფი ტელეკომპანია “202“–ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამიშვილი ირმა სტეფნაძის მიერ გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებას “სრულ აბსურდსა და სიცრუეს“ უწოდებს. რამიშვილს დეპუტატ კობა ბექაურისაგან ფულის გამოძალვაში ედება ბრალი.


შსს–ს ინფორმაციით ირმა სტეფნაძე, რომლის ბინაშიც გადასცა ბექაურმა რამიშვილს 30 ათასი დოლარი, “ადასტურებს, რომ იმ დღეს [27 აგვისტოს] მასთან სახლში ნამდვილად იმყოფებოდნენ სტუმრად შალვა რამიშვილი, კობა ბექაური და იმ დროისათვის მისთვის უცნობი მამაკაცი დავით კოხრეიძე [202-ის გენერალური დირექტორი]“, იტყობინება 1 სექტებმებრს შსს.


შსს–ს ცნობით,  შალვა რამიშვილი სტეფნაძეს 5 ათას დოლარს სთავაზობდა საქმესთან დაკავშირებით, თუმცა სტეფნაძემ უარი განაცხადა თანხის აღებაზე.


ირმა სტეფნაძე რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელია.

მსგავსი/Related

Back to top button