skip to content
ახალი ამბები

რამიშვილი პატიმრობაში რჩება

თბილისის საოლქო სასამართლომ მხარი დაუჭირა საქალაქო სასამართლოს განაჩენს და შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელი და მისი პარტნიორი დავით კოხრეიძე წინასწარ სამთვიან პატიმრობაში დატოვა.
 
საოლქო სასამართლოს განცხადებით, თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში, არ არსებობდა იმის გარანტია, რომ რამიშვილი არ შეეცდებოდა “გავლენა“ მოეხდინა მოწმეთა ჩვენებებზე, რაც თავის მხრივ “უარყოფით გავლენას“ მოახდენდა გამოძიებაზე.
 
სასამართლო დარბაზში გამართულ მოსმენაზე, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი და რამიშვილის მხარდამჭერი ესწრებოდა. შალვა რამიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. რამიშვილს, რომელიც კოხრეიძესთან ერთად დააპატიმრეს, დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში ედება ბრალი.
 
პროცესზე რამიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას “ერთი კარგად დასაბუთებული სამხილიც კი არ აქვს“ მის წინააღმდეგ, გარდა დეპუტატ ბექაურის ჩვენებისა, რომელიც აცხადებს, რომ რამიშვილი მას აშანტაჟებდა.
 
ამჟამად, გამომძიებლებს ორი ჩვენება აქვთ რამიშვილის წინააღმდეგ – ერთი ბექაურის, რომელიც აცხადებს, რომ რამიშვილი მას აშანტაჟებდა, რომ 100 000 აშშ დოლარი გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ არსებული კომპრომატული მასალების გაშვებით ემუქრებოდა, და მეორე – ირმა სტეფნაძის ჩვენება. ეს იმ ბინის მეპატრონეა, სადაც ბექაურმა რამიშვილს თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი გადასცა.
 
რამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტნიორი კოხრეიძე, რომელიც ტელეკომპანია “202“-ის გენერალური დირექტორია, “აბსოლუტურად უდანაშაულოა“. “მან [კოხრეიძემ] არაფერი იცოდა, იგი მხოლოდ მე წამომყვა [ბექაურთან შეხვედრაზე]“, განაცხადა რამიშვილმა.
 
თავდაპირველად, დეპუტატმა ბექაურმა განაცხადა, რომ რამიშვილი მას აშანტაჟებდა. თუმცა, მოგვიანებით მან შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ რამიშვილთან ერთად მას კოხრეიძეს ემუქრებოდა.
 
რამიშვილი ასევე მოითხოვდა გამომძიებლებისგან მისი სატალეფონო ანგარიში შეემოწმებინათ, რათა დაედგინათ შემომავალი ზარები. რამიშვილის განცხადებით, ბექაური მას რეგულარულად ურეკავდა ბოლო სამი თვის განმავლობაში და სთხოვდა დაებლოკა ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გაშვება. 2 სექტემბერს გამართულ სასამართლო მოსმენაზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ შეუმოწმებიათ რამიშვილის სატელეფონო ზარები.

მსგავსი/Related

Back to top button