ახალი ამბები

ქართული პრესა რამიშვილის დაპატიმრების შესახებ

29 აგვისტოს ქართული პრესა ფართოდ აშუქებს ტელეკომპანია “202”–ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრებას, რომელსაც დეპუტატ კობა ბექაურისთვის 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში ედება ბრალი. მაშინ როცა, ზოგიერთი გაზეთი ამ დაპატიმრებას “თავისუფალ მედიაზე შეტევად“ აფასებს, დანარჩენები თავიანთ კომენტარებში მეტ სიფრთხილეს იჩენენ.


გაზეთი “რეზონანსი“ წერს თავის სტატიაში სათაურით  – “გენერალური შეტევა თავისუფალ მედიაზე,” რომ “შალვა რამიშვილის დაპატიმრებას საზოგადოების ნაწილი პროვოკაციად აფასებს და ამას ხელსიფულების მხრიდან მედიაზე ზემოქმედების კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს“.


“ხელისუფლებას ელექტრონული მედიის თავისუფლება ხელს არ აძლევს. მან პატარა, მაგრამ პოსტრევოლუციურ საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთი დამოუკიდებელი არხის [ტელეკომპანია “202“] მონოპოლიზებაც შეძლო“, წერს “რეზონანსი“.


გაზეთი “24 საათი“ აქვეყნებს ეკა კვესიტაძის, ახლადშექმნილი მედია საბჭოს კოორდინატორის,  კომენტარს. ავტორი აცხადებს: “ბოლო პერიოდში მისი [შალვა რამიშვილის] თოქ-შოუები ოპოზიციური აზრის გახმოვანებადაც იქცა. შესაძლოა, ხელისუფლებას ნამდვილად უნდოდა, რომ რამიშვილის გადაცემა ეთერში აღარ ყოფილიყო და რომ არა ყველაფრისმთქმელი ფარული ჩანაწერი, უკლებლივ ყველას გაგვიჩნდებოდა საშინელი პროტესტის გრძნობა და ეჭვიც არ შეგვეპარებოდა იმაში, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა ჟურნალისტის წინააღმდეგ“. პოლიციის მიერ ფარული კამერით გადაღებულ ოპერატიულ მასალაში ნაჩვენებია, თუ როგორ იღებს ფულს რამიშვილი დეპუტატ კობა ბექაურისგან, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა, მის წინააღმდეგ კომპრომატების გაუვრცელებლობის სანაცვლოდ.  


“24 საათის“ კომენტარში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა გამოიძიოს დეპუტატ კობა ბექაურის საქმიანობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვი, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი კორუფციასთან ბრძოლა კი არა, მისთვის არასასურველი, თუნდაც კორუმპირებული ჟურნალისტის ჩამოშორება იყო, აუცილებლად გაჩნდება.


კიდევ ერთ სტატიაში “24 საათი“ ყურადღებას ამახვილებს “კომპრომატზე“ დეპუტატ ბექაურის წინააღმდეგ. ჟურნალისტთა ჯგუფი სტუდია “რეპორტიორი“-დან, რომელიც ჟურნსლისტური გამოძიებას აწარმოებდა და რომლის ჩვენებაც “202“-ის ეთერით იგეგმებოდა, მუშაობდა დეპუტატ კობა ბექაურის საქმიანობის გამოკვლევაზე, რომელიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ უკავშირდება. ტერმინალი, რომლის თანამფლობელიც კობა ბექაურია, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს აქვს ნაქირავები.


“24 საათი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში “რეპორტიორის“ დირექტორმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩნდა, რომ დეპუტატ ბექაურის ქონება 394,000 ლარით გაიზარდა მას შემდეგ რაც იგი დეპუტატი გახდა.


“კობა ბექაურმა ეს შემოსავალი სესხით ახსნა, რომელიც ისრაელში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან აიღო. აქ ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ სესხი უპროცენტოა, ანუ შეღავათიანი. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი, შეღავათი საჩუქართანაა გათანაბრებული და წერია, რომ თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრის საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას. 150 000 აშშ დოლარი კი ბევრად მეტია“, აცხადებს კომახიძე.


“გარდა ამისა, ბექაურის მეუღლემ ნასესხები თანხის ნაწილით საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ აქციები შეიძინა. კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საჯარო პირს კერძო საწარმოს მართვაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს. ჩვენ კი გვაქვს ფარული ჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ კობა ბექაური ფაქტობრივად მართავს ამ საწარმოს“, განაცხადა კომახიძემ.


“24 საათმა“ ასევე ჩამოართვა ინტერვიუ დეპუტატ კობა ბექაურს, რომელიც აღიარებს, რომ მან ნამდვილად ისესხა 150,000 აშშ დოლარი და “ამ თანხის ნაწილით ტერმინალ “ოპოზას“ აქციები შეიძინა.“ 
 


 

მსგავსი/Related

Back to top button