შალვა რამიშვილი მედიას ციხიდან წერილს უგზავნის
დღეს ტელეკომპანია “202“-ის გენერალური დირექტორის ძმამ გოგა კოხრეიძემ “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის წერილი გაავრცელა, სადაც ფიგურირებს ირმა სტეფნაძე, რომლის ბინაშიც 27 აგვისტოს შალვა რამიშვილს პარლამენტის წევრმა კობა ბექაურმა 30 ათასი დოლარი გადასცა. რამიშვილს ფულის გამოძალვის ბრალდებით უკვე მიესაჯა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.
შალვა რამიშვილის განცხადებით, “კობა ბექაური ბოლო ოთხი თვის მანძილზე ბევრჯერ მთხოვდა, მემუქრებოდა რომ სტუდია “რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმი არ გასულიყო ეთერში“, სადაც საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან” დაკავშირებით ბექაურის უკანონო საქმიანობაზეა საუბარი.
“მისი [ბექაურის] ზარები იმდენად ხშირი და მომაბეზრებელი იყო, რომ მე უამრავ ადამიანს ვეუბნებოდი [თინა ხიდაშელს, ლევან რამიშვილს, სხვებს] მომაშორეთ ეს აბეზარი ბექაური“, აცხადებს შალვა რამიშვილი წერილში.
“23 თუ 24 აგვისტოს ქობულეთში ყოფნისას დამირეკა ირმა სტეფნაძემ, ჩემმა კარგმა ნაცნობმა და მითხრა ბექაურს ჩემთან რაღაც კომერციული წინადადება აქვს. ამ წინადადების განხილვაზე უარი ვუთხარი. თბილისში შევხვდი სტეფნაძეს, რომელმაც მითხრა, რომ ბექაური არნახულ თანხას 100 ათას აშშ დოლარს იხდიდა ფილმის არ გაშვებაში. მე ჩავთვალე, რომ ამ ფაქტის დაფიქსირება, იმისა, რომ ბექაური დიდ თანხას იხდიდა, არგუმენტებს გაამყარებდა“, აცხადებს რამიშვილი თავის წერილში.
როგორც წერილიდან ჩანს, რამიშვილი ბექაურს ბანკში საკუთარ ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვას დაჟინებით სთხოვდა.
“ამის თაობაზე იცის “ბაზის ბანკის“ ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად ზურა ციხისთავმა, რომელსაც ვთხოვე გამოეყო ჩემთვის და ბექაურისთვის ოთახი, სადაც იქნებოდა კამერები, დაითვლებოდა ფული და მოხდებოდა ეს ტრანსაქცია“, აცხადებს რამიშვილი.
შალვა რამიშვილის ინფორმაციით, ვითარება 27 აგვისტოს ირმა სტეფნაძის კიდევ ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ შეიცვალა, როცა სტეფნაძემ აუწყა, რომ გეგმების შეცვლის გამო ფულის გადაცემა მის სახლში უნდა მომხდარიყო.
რამიშვილი აცხადებს, რომ ბექაურთან პირველ შეხვედრაზე, სადაც მისი თქმით, ვერ მოახერხა ფარული კამერით მისვლა, მან ფული აიღო, რათა ბაქაური არ დაეჭვებულიყო.
შსს–ს მიერ გავრცელებულ ფარული კამერით გადაღებულ ვიდეო მასალაში, რომელიც ბექაურმა ჩაიწერა, ჩანს თუ როგორ გადასცემს ბექაური რამიშვილს ფულის შეკვრას – 30 ათასს დოლარს. მასალაში ასევე საუბარია, რომ დანარჩენ 50 ან 70 ათასს ბექაური მეორე შეხვედრაზე გადასცემდა რამიშვილს.
“მე კი მეორე შეხვედრაზე ვაპირებდი ფულის გადაცემის ფარულად ჩაწერას, სამწუხაროდ, გამოძიების ჩემი პირველი მცდელობა პროვოკაციით დასრულდა“, წერს რამიშვილი.