ახალი ამბები

რამიშვილმა სასამართლოზე დუმილის უფლება დაარღვია

29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პარლამენტარ კობა ბექაურის შანტაჟის ბრალდებით 27 აგვისტოს დაკავებული  ტელეკომპანია “202“–ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის საქმის წინასწარი განხილვა დაიწყო, სადაც შალვა რამიშვილმა დუმილის უფლება დაარღვია და პირველი ჩვენება საჯაროდ მისცა გამოძიებას.


შალვა რამიშვილმა განაცხადა:


“პირველი, მე არასოდეს არ დამიშანტაჟებია და არ გამომიძალავს ფული დაზარალებული კობა ბექაურისაგან. პირიქით ბოლო სამი თვის მანძილზე დაზარალებული ბექაური სისტემატიურად მაწუხებდა მე და ბევრ ჩემ მეგობარსა და კოლეგას შანტაჟით, მუქარით იმის თაობაზე, რომ ეს [ბექაურის საქმიანობის მაკომპრომეტირებელი] ფილმი არ უნდა გასულიყო. ეს იცის უამრავმა ადამიანმა, არსებობს უამრავი მოწმე და თვითმხილველი ამ ფაქტისა, რაც ობიექტური გამოძიებით დადასტურდება.


მეორეც, რატომ დავთანხმდი თანხის აღებას და რა ნახა საზოგადოებამ ეკრანებზე?  იმ დროს, როდესაც დაზარალებული ბექაურის ქმედებებმა ყოველგვარ ზღვარს გააჭარბა, მე [სტუდია “რეპორტიორის“ ჟურნალისტ] კომახიძესთან შეთანხმებით გადავწყვიტე მეწარმოებინა ფარული გადაღება იმისა, თუ რამდენ ფულს იხდის ბექაური იმიტომ, რომ ეს ყოველივე არ გასულიყო. მაგრამ ამას დაემთხვა ზაფხულის პერიოდი და ვერ მოვასწარი ამის გაკეთება.


ამის შემდეგ მე დამიკავშირდა ჩემი და ბექაურის საერთო ნაცნობი, რომელმაც შემომთავაზა თანხის აღება იმაში, რომ ეს ფილმი არ გასულიყო. ამ ადამიანის პატიოსნებაში მე ჯერ–ჯერობით ეჭვი არ მეპარება და მისი [საგამოძიებო] ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ბედისათვის. ეს გახლავთ იმ სახლის პატრონი, რომელშიც მოხდა ფულის აღება“.


რამიშვილს ბარნოვის #35–ში, სადაც ბექაურის მიერ რამიშვილისადმი 30 ათასი დოლარის გადაცემა მოხდა, მდებარე სახლის მეპატრონის ვინაობა არ დაუსახელებია.


საქალაქო სასამართლო შალვა რამიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას დღესვე გამოიტანს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button