ახალი ამბები

რამიშვილმა და კოხრეიძემ სახელმწიფოსგან EUR 26 ათასი უნდა მიიღონ – სტრასბურგის სასამართლო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაავალა საქართველოს სახელმწიფოს ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებლებს შალვა რამიშვილს და დავით კოხრეიძეს, თითოეულს, 6 000 ევრო გადაუხადოს არამატერიალური ზარალის და 14 694 ევრო ორივეს ერთად ხარჯების ანაზღაურებისთვის.

რამიშვილი და კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და მმართველი პარტიის მაშინდელი დეპუტატისგან კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ორივემ ბრალდებები უარყვეს. 2006 წლის მარტში რამიშვილს 4 წლით, კობახიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. კოხრეიძე შეიწყალეს და 2007 წელს ციხიდან გამოუშვეს, ხოლო რამიშვილი კვლავ სასჯელს იხდის.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 27 იანვარს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დაირღვა რამიშვილის უფლებები იმ ”არაადამიანური და დამამცირებელი” პირობების გამო, რომელშიც ის იმყოფებოდა მე-5 საპყრობილეს იზოლატორში 2006 წლის იანვარში და ასევე კოხრეიძის უფლებები იმ ფაქტის გამო, რომ იგი იმავე ციხის გადატვირთულ საკანში მოათავსეს.

”სასამართლომ აღნიშნა, რომ ბატონ რამიშვილს უწევდა 120 სანტიმეტრიანი საწოლის გაზიარება უცხო ადამიანთან და იგი ე.წ. ტუალეტშიც კი ვერ გადიოდა ამ უკანასკნელის თვალთვალის გარეშე,” – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”[იზოლატორში] სანიტარული პირობები მიუღებელი იყო და დაასკვნა, რომ მომჩივანს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში უწევდა ყოფნა”.

სასამართლომ ასევე მიიღო მხედველობაში მომჩივანთა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში გამართული სასამართლო პროცესის დროს, სასამართლო დარბაზში, ისინი ლითონის გისოსებში მოათავსეს.

”სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ მომჩივნები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნებები იყვნენ, ნასამართლეობის გარეშე, და ასევე მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ისინი წესიერად იქცეოდნენ სამართალწარმოების დროს, ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა რაიმე მიზეზი, რომელიც სასამართლო დარბაზში მომჩივანთა გისოსებს მიღმა მოთავსებას გაამართლებდა,” – განაცხადა სტრასბურგის სასამართლომ.

გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ რამიშვილის და კოხრეიძის უფლებები ასევე დაირღვა იმის შედეგად, რომ მათ წინასწარ პატიმრობაში გაატარეს სამ თვეზე მეტი იმის მიუხედავად რომ ამის შესაბამისი არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button