ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს ანდერს ბრეივიკს ადარებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დარგში ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდებრეკეს სახელობის ჯილდოს გადაცემაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ ეს „დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ [ანდერს] ბრეივიკს მისცეს ჯილდო“.

„სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში. ეს ხომ დაცინვაა ეს ხომ წარმოუდგენელია“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ ანდერს ბრეივიკის მსგავსად, რომელმაც ნორვეგიაში „ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა“, სააკაშვილმაც „ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა… მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“.

პრემიერმა, რომელი დღეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, ასევე თქვა, რომ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უკვე უმკურნალა 3 მლნ მოქალაქეს, რაშიც 7 მლრდ ლარი დაიხარჯა. „მანამდე, რეალურად სახელმწიფო მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას რაღაც უბედურებებს მართებდა, არ მკურნალობდა და მიტოვებული ჰყავდა ბედის ანაბარა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ეს მიდგომა შეცვალა, რისთვის მან პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ყველა სუბიექტს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ მისი ამოქმედებისა და დანერგვის იდეა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button