ახალი ამბები

„აგენტებზე“ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე განახლდა

6 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტში საზოგადოების პროტესტისა და დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე დაიწყო მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების განხილვა.

კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციონერი დეპუტატები, შედეგად ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს და ენმ-ის დეპუტატს გიორგი ბოტკოველს, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ფოტო: „მედიაჩეკერი“

„ანრი ოხანაშვილის [იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე] დავალებით შემოვიდნენ და გამოგვიყვანეს, 12-მა კაცმა დაგვატოვებინა [დარბაზი]. ვინც ხელს უშლის ამათ, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, [კომიტეტი]“, – უთხრა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად იწევდნენ ჩვენზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მასთან ჯერ მანდატურის სამსახურის, შემდეგ კი – სპეცსამსახურების თანამშრომლები მივიდნენ და ძალის გამოყენებით სცადეს მისი დარბაზიდან გაყვანა. „ფიზიკურ ძალადობაში მე [„ოცნების“]დეპუტატები არ შემინიშნავს, მაგრამ ისინი იმალებოდნენ ამ სპეცსამსახურების უკან… ეს არის რუსული ინტერესების გამტარებელი ძალა“, – განაცხადა მან.

სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, სტუდენტებისა და რიგითი მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე დღეს ისევ არ შეუშვეს ჟურნალისტები. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მათ ნაწილს აკრედიტაციებიც შეუჩერეს.

„აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე დღეს დედაქალაქის ქუჩებში ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც, სამოქალაქოს სექტორის წარმომადგენლები „ეკლესიის მაგინებელ ჯაშუშებად“ არიან წარმოსახულნი, ოპოზიციის ნაწილი კი – „უსამშობლო მოღალატეებად“.

ფოტო: ბუთუ (გიორგი) ბილიხოძე

საზოგადოების პროტესტისა და საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, 7 მარტის დილის 10:00 სთ-ისთვის გადაიდო დღეს, 15:00 სთ-ზე დანიშნული ბიუროს სხდომაც, რომელზეც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხი უნდა გასულიყო. „ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – დაწერა Facebook-ზე „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა. მიხედავად იმისა, რომ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვა ადამიანის უფლებათა კომიტეტს არ ევალებოდა, დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რეგლამენტზე მითითებით მათი განხილვა მაინც მოითხოვეს. დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სხდომა დროებით გადადო.

თითქმის 8 საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რუსული ტიპის კანონპროექტებს და მათი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button