ახალი ამბები

აშშ-ისა და გერმანიის ელჩები „აგენტებზე“ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვას ეხმიანებიან

6 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების განხილვაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ გრძელდება ძალისხმევა, რათა „დავიყოლიოთ ან მოვუწოდოთ მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი“. ელჩი დეგნანის თქმით, საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, აშშ-მა, გაერომ, ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, „სავარაუდოდ, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას მოახდენს, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში“.

აშშ-ის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სრულიად გამჭვირვალეა, თუ როგორ გამოიყენება უცხოური დახმარება საქართველოში.

ელჩი დეგნანის თქმით, კანონი დამანგრეველ გავლენას იქონიებს ქართულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით კარგ საქმეს აკეთებენ სხვა ქართველების დასახმარებლად. „საჭიროა და მოვუწოდებთ პარლამენტს არ განიხილოს და გაიწვიოს კანონპროექტი. ის არ არის საჭირო და არც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის“, – დასძინა აშშ-ის ელჩმა.

აშშ-ის ელჩის გერმანელმა კოლეგამ, ელჩმა პიტერ ფიშერმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე რჩება და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ადრინდელი განცხადება მოიყვანა, რომლის თანახმადაც, „კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button