„TI საქართველო“ კორუფციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადადგმულა „ქმედითი ნაბიჯები“ მაღალი დონის კორუფციისა და სახელმწიფოს მიტაცების დასაძლევად.
„პირიქით, ქვეყანაში გრძელდება კლეპტოკრატიის ჩამოყალიბება, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე. სულ უფრო იზრდება გამოუძიებელი სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების რაოდენობა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კლეპტოკრატიისთვის დამახასიათებელ პროცესებზე – პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებაზე, საზოგადოების დაყოფაზე, ოპოზიციური ჯგუფების დანაწევრებაზე, ასევე მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ „შეტევაზეც“ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „კვლავაც სახეზეა სახელმწიფოს მიტაცება და არ ჩანს პოლიტიკური ნება ამ პროცესის შესაჩერებლად“.
„შედეგად, ქვეყანაში აღარ რჩება დამოუკიდებელი ინსტიტუციები“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში და ამის მაგალითად ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნაზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც „გააჩინა ეჭვი“, რომ „სახელმწიფოს ფინანსების გაკონტროლება შესაძლოა გართულდეს“.
- 20/09/2022 – პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი დაამტკიცა
ორგანიზაცია ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები „მიანიშნებს, რომ მათი სურვილი ამ ეტაპზე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის დანიშვნა არ არის“.
„ამას ემატება სუსტი პარლამენტი, რომელიც ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საზედამხედველო ფუნქციებს, რაც კარგად გამოჩნდა ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორიც იყო კოვიდპანდემია“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, 2020 წლის შემდეგ ასევე შეჩერებულია თითქმის ყველა ანტიკორუფციული რეფორმის პროცესი და ქვეყანას მეორე წელია არ გააჩნია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამასთან, საქართველომ გამოტოვა „ღია მმართველობის პარტნიორობის”“ (OGP) სამოქმედო გეგმის ბოლო 2-წლიანი ციკლი და ამ დრომდე არ დაუდასტურებია „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის“. (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაში მონაწილეობის მიღება.
- 22/11/2022 – არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ „კონსტრუქციულად“ ითანამშრომლოს ანტიკორუფციულ ქსელთან
ამდენად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო ნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა საქართველოს ქულა „კორუფციის აღქმის ინდექსში“ (CPI) ბოლო 10 წლის განმავლობაში, „რაც კორუფციასთან ბრძოლის შეჩერებაზე მიანიშნებს“.
აღნიშნავს რა, რომ კორუფციასთან ბრძოლა ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაწილიცაა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას:
- დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
- გააძლიეროს საზედამხედველო ინსტიტუციების, პირველ რიგში კი პარლამენტის როლი;
- საშუალება მისცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)