ახალი ამბები

პარლამენტმა „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის საჭირო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 30 ნოემბერს „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 78 ხმით დაამტკიცა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის 12-პუქტიანი რეკომენდაციების მე-4 პუნქტის შესრულების ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნის შესახებ ცვლილებათა პაკეტი 2022 წლის 26 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ანტიკორუფციული ბიურო“, რომელიც „თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს“ და მისი ამოცანა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ამასთან, იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.

გარდა ამისა, ბიურო შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს; უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კონტროლს; ახორციელებს პარტიათა, ასევე საარჩევნო სუბიექტისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს; იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას და სხვ.

„ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია სათანადო სუბიექტებისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებთან, განახორციელოს სათანადო ვიზიტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და განახორციელოს სხვა ღონისძიებები“.

ბიურო ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება და საქმიანობის შესახებ ანგარიშებსაც სწორედ მათ წარუდგენს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს 6 წლის ვადით საქართველოს პრემიერმინისტრი ნიშნავს, კანდიდატურებს კი – ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია შეარჩევს.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებები გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და თქვა, რომ კანონპროექტი „არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას“.

ორგანიზაციამ განმარტა, რომ დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთან, ის არც მაღალი დონის კორუფციის ზრდისა და სახელმწიფოს გაღრმავების კუთხით არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ქართულ ოცნებას პარტია ლელოს მიერ 2022 წლის იანვარში ინიცირებული კანონპროექტის იდეების გამოყენებაც ურჩია, რომელიც „დამოუკიდებელი, მულტიფუნქციური და საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას“ ითვალისწინებს, „რაც პირდაპირ და სრულად დააკმაყოფილებდა ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button