ერგნეთში IPRM-ის 109-ე შეხვედრა გაიმართა
ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 10 ნოემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) 109-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ეუთოსთან ერთად IPRM-ის თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ თანაფასილიტატორებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოდან – მარეკ შჩიგელმა და ელჩმა ვიორელ მოშანუმ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მხრიდან IPRM-ის მიმართ ერთგულება. მათვე აღნიშნეს „სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ოძისსა და ქარზმანში, 2022 წლის აგვისტოდან ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე გადაკვეთის პუნქტების დროებითი გახსნის არსებული სარგებელი“ და „მხარი დაუჭირეს გადაადგილების თავისუფლებისთვის არსებული შეზღუდვების მოხსნას დამდეგი დღესასწაულების დროს“.
მათ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და გამშვები პუნქტების გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების ვადის გასვლის საკითხიც წამოჭრეს.
ამასთან, ელჩებმა შჩიგელმა და მოშანუმ დამდეგი დღესასწაულების ფონზე, მოუწოდეს დაკავებების მიმდინარე შემთხვევების გადაწყვეტისკენ მიმართული ჰუმანიტარული მიდგომისკენ. თანათავმჯდომარეებმა დაჟინებით მოითხოვეს დაკავებულთა მიმართ კარგი მოპყრობის აუცილებლობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკითხები, რომლებიც უარყოფითად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასა და მათ ცხოვრებაზე, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ მიმდინარე აქტივობები. მონაწილეები ე.წ. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სარწყავი და სასმელი წყლით ხელმისაწვდომობის საკითხის გადასაჭრელად 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში ტექნიკური შეხვედრის გამართვაზეც შეთანხმდნენ.
თანაფასილიტატორებმა შეხვედრის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. მათვე დაძაბულობის განმუხტვისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენის მიზნით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წინა შეხვედრიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები და ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
„ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით გაჟღერდა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყებისვე ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი იყო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. „შედგა ვრცელი დისკუსია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების გაზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე“.
ცხინვალის განცხადება
სააგენტო რესის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემები იყო „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე“ არსებული სიტუაცია, „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის“ შემთხვევები და უპილოტო საფრენი აპარატების გადაფრენა.
კოჩიევის თქმითვე, გასული შეხვედრების მსგავსად ცხინვალის მხრიდან განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩორჩანა-წნელისის საპოლიციო საგუშაგო იყო.
„ამ დრომდე ჩვენ კონსენსუსამდე არ მივსულვართ და [საკითხი] გადაწყვეტილი არ არის. თუმცა სამხრეთ ოსური მხარე ყველა შეხვედრაზე აყენებს ამ საკითხს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მივიდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტამდე. პოსტი უნდა მოიხსნას და გავიდეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“, – განაცხადა მან.
კოჩიევმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ერგნეთის ბოლო შეხვედრიდან 6 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს და ყველა „დამრღვევი საქართველოს ტერიტორიაზე გააძევეს“.
რაც შეეხება უპილოტო საფრენი საფრენი აპარატების გადაფრენას, კოჩიევმა განაცხადა, რომ მათი კუთვნილების დადგენა ვერ შეძლეს. „ქართული მხარე, როგორც წესი არ ადასტურებს, რომ საფრენი აპარატები მათ ეკუთვნით“, – თქვა კოჩიევმა.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 17 იანვარს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/09/2022 – ერგნეთში IPRM-ის 108-ე შეხვედრა გაიმართა
- 08/06/2022 – ერგნეთში IPRM-ის 107-ე შეხვედრა გაიმართა
- 12/04/2022 – ერგნეთში IPRM-ის 106-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)