skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 107-ე შეხვედრა გაიმართა

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 7 ივნისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) 107-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ეუთოსთან ერთად IPRM-ის შეხვედრების თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ მონაწილეებმა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვის, „ბორდერიზაციისა“ და ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

თანაფასილიტატორებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოდან, მარეკ შჩიგელმა და ელჩმა ვიორელ მოშანუმ დადებითად შეაფასეს ცხინვალის გადაწყვეტილება „აღდგომის პერიოდში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის პუნქტების გახსნის“ თაობაზე, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას რელიგიური ადგილებისა და სასაფლაოების მონახულების შესაძლებლობა მისცა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანაფასილიტატორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ცხინვალის ხელისუფლებას გამშვები პუნქტების გახსნისკენ და ამ მიზნის მიღწევის კონკრეტული გზებიც შესთავაზეს.

ამასთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ელჩმა ვიორელ მოშანუმ მონაწილეებს მოუწოდა, რომ „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შესამცირებლად დამატებითი გზები გამონახონ“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მიმდინარე შემთხვევების სიმრავლის გამო და მათი გადაწყვეტის მიზნით ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოუწოდეს.

მისიის ინფორმაციით, „სოფლის მეურნეობის სეზონი მოითხოვს გაძლიერებულ დიალოგს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით“.

იმავდროულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებების საკითხი დააყენა.

„აღინიშნა ადგილობრივებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოსური მხარის მხრიდან განხილვის მთავარი თემა კვლავ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევები“ და ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს საკითხი იყო.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კოჩიევმა განაცხადა, რომ IPRM-ის ბოლო შეხვედრიდან „სახელმწიფო საზღვარი“ საქართველოს 12-მა მოქალაქემ დაარღვია, თუმცა ყველა მათგანი „საჯარიმო სანქციების გარეშე“ გააძევეს რეგიონიდან. ამავე ინფორმაციით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა და ისე გააძევეს რეგიონიდან.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს დაიგეგმა, თუმცა მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მანამდეც შეიკრიბნონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button