Placeholder canvas
ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს სტუმრობდა 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დელეგაცია 11-12 იანვარს საქართველოს ესტუმრა, სადაც, ეუთოს ინფორმაციით, დეპუტატებთან, მთავრობის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მუშაობის კოორდინირებასა და საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს. 

შეხვედრები პარლამენტში 

საქართველოს პარლამენტში გამართულ 11 იანვარს შეხვედრაზე, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფარა კარიმი და მომხსენებელი, იოჰან ბიუზერი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უმასპინძლა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებშიც ასამბლეა უნდა ჩაერთოს ვენაში თებერვალში დაგეგმილი ზამთრის შეხვედრის წინ, სადაც მომხსენებელი ბიუზერი წინასწარ მოსაზრებებს წარადგენს იმ მოხსენებისა და რეზოლუციის თაობაზე, რომელიც ვანკუვერის ზაფხულის ყოველწლიური სესიისთვის უნდა მოამზადოს.

იმავე დღეს, დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრს, დავით სერგეენკოსაც შეხვდნენ, რომლის თქმითაც, „სტუმრების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს ინტერესის სფერო შეეხებოდა ჯანდაცვას, სოციალურ პოლიტიკას, უმცირესობების უფლებებს, ბავშვთა უფლებებს. გამოკვეთილად იქნა განხილული ისეთი ნეგატიური ფენომენი, როგორიცაა ძალადობა ქალების მიმართ. დელეგაციის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე“.

შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან შერიგების საკითხებში 

12 იანვარს, დელეგაციის წევრები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდნენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

მანვე მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ეუთოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 

ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრები ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ესტუმრნენ, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, დელეგაციის წევრებმა რიგი საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის, ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე დაკავებები და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები.

„დელეგაციის წევრებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მოხდა თუ არა რაიმე ცვლილებები ურთიერთობებში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ“, – ნათქვამია იმავე განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს მზადყოფნაზე და სურვილზე, რომ პრობლემები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დიალოგის გზით მოაგვაროს.

„ვინაიდან ვიწყებ მუშაობას ჩემს მოხსენებასა და რეზოლუციის პროექტზე, მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა შევისწავლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები და უზრუნველვყო, რომ ისინი ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება“, – დასძინა მომხსენებელმა ბიუზერმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button