Placeholder canvas
ახალი ამბები

ეუთოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებს

ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რომელიც ბულგარეთს, კანადას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიის, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ირლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, შვედეთს, უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს აერთიანებს, 2 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა „სრული მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

განცხადებაში მეგობართა ჯგუფმა დაგმო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესია და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის განგრძობადი ოკუპაციის გამო. ამ კონტექსტში, ჯგუფმა ასევე დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ჯგუფი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზეც ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებით, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვებით და ადგილზე უსაფრთხოების სართაშორისო მექანიზმების შექმნით. მეგობართა ჯგუფი ასევე მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში ჯგუფი გმობს რუსეთის ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის ცალმხრივად დადგენის, ასევე ქართული სოფლის, აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარესთან შეერთების შესახებ.

განცხადებაში ასევე გამოხატულია შეშფოთება რუსეთისთვის კურორტ ბიჭვინთის ნაწილის გადაცემაზე, კერძოდ რუსეთის მიერ „180 ჰექტრარი მიწის ხელში ჩაგდებაზე“.

ჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს მოსკოვსა და სოხუმს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამის განხორციელების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობების, ასევე მოსკოვსა და ცხინვალს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე.

განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2021 წლის იანვარში აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ჰააგის სასამართლოს მიერ 2022 წლის ივნისში 2008 წლის ომის დანაშაულებზე სამი დაკავების ორდერი გაცემაზე.

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე საუბრისას, მეგობართა ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან მათი მუდმივი დისკრიმინაციისა და უფლებების შეზღუდვით, რომლებიც დაკავშირებულია გადაადგილების თავისუფლებასთან, განათლების უფლებასთან, საცხოვრებელთან და საკუთრებასთან, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების დანგრევასთან.

ამ კონტექსტში, მათ უკმაყოფილება გამოთქვეს ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის სკოლებში სწავლების მშობლიური ქართულის რუსულით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ასევე ვგმობთ ორივე [ოკუპირებულ] რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლას და შეცვლას“, – დასძინეს მათ.

ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ ის „განსაკუთრებით შეშფოთებულია“ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო, ასევე ცხინვალის რეგიონში სამი წლის განმავლობაში გამშვები პუნქტების დახურვის გამო. „სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გამშვები პუნქტების ნაწილობრივი და დროებითი გახსნა ოძისსა და ქარზმანში დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება“, – აღნიშნა ჯგუფმა.

მეგობართა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული თვითნებური დაკავებების გამო და ქრისტინე თაკალანძის, ასმათ თავაძის, მამუკა ჩხიკვაძისა და კახაბერ ნათაძის დაკავება დაგმო. ჯგუფმა ყველა დაკავებულის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ჯგუფმა საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები დაგმო და მოუწოდა რუსეთს, მოხსნას ყველანაირი დაბრკოლება დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულებისთვის.

ჯგუფი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებს და ურყევ მხარდაჭერას უდასტურებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიას.

ისინი მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების მრავალმხრივი პროცესის დაწყებას და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – მიმართ.

მეგობართა ჯგუფმა სინანული გამოთქვა 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისიის ხელახლა გახსნაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

მათვე აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ კონფლიქტის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მუშაობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button