ახალი ამბები

რიკარდ იოზვიაკი: ასოციერების ტექნიკური კრიტერიუმებით საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშის პროექტს გაეცნო, განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაახლოების ტექნიკური კრიტერიუმებისა დაკმაყოფილების თვალსაზრისით, საქართველო მოლდოვას და უკრაინას წინ უსწრებს. ანგარიშის გამოქვეყნება იანვარში იგეგმება.

ანგარიში შეაფასებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან 32 სფეროში, რომელსაც ევროკავშირი „თავებს“ უწოდებს. სწორედ ამ „თავებთან“ კანდიდატი ქვეყნის შესაბამისობაა საჭირო ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

შეფასების ანგარიშზე საუბრისას, იოზვიაკმა აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, ყველაზე კარგი შეფასება საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და გარკვეულწილად რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია“. მისივე თქმით, საქართველო ფასდება როგორც „საშუალოდ მომზადებული“, მათ შორის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში. თუმცა, ქვეყანა ჩამორჩება სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

შედარებისთვის, მართალია, უკრაინამ უმაღლესი შეფასება მიიღო საგარეო ურთიერთობების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ქვეყანაში სფეროების უმეტესობა „მომზადების გარკვეულ დონეზეა“. „რაც შეეხება მოლდოვას, ანგარიში მის მიმართ კიდევ უფრო მკაცრია“, – განმარტა იოზვიაკმა.

შეფასების ანგარიშები, რომლებიც ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს შესახებ 2022 წლის ივნისში გამოაქვეყნა, ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ კრიტერიუმებს იმეორებს. გასულ წელს, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ მიენიჭა. ევროკომისიამ ქვეყანას 12 რეკომენდაცია წარუდგინა, რომელთა შესრულებაც კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო. საგულისხმოა, რომ მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები გახდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button