პრეზიდენტი უკრაინის ომზე, ოკუპაციაზე, ევროკავშირის წევრობასა და სააკაშვილის შესახებ საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 17 დეკემბერს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, ევროკავშირის წევრობაზე, ოკუპაციაზე, პოლარიზაციასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
ომი უკრაინაში
„ეს იყო უკრაინის წელი“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას და დასძინა, რომ უკრაინამ, რომელმაც „უსამართლო აგრესიის ქარცეცხლში გაიარა, უკვე 10 თვეა უძლებს ამ ყველაფერს“. „ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს იყო გამძლე, რას ნიშნავს გაუძლო ამ ყველაფერს და იყო გაერთიანებული ამ პროცესში“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ამ პროცესში უკრაინელმა ხალმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ან სულ მცირე, უკვე დაამარცხეს რუსული პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე შეცვალა“.
„დაამარცხა რუსეთი, რადგან მსოფლიომ დაინახა ის, რისი დანახვაც მანამდე არ სურდა – წინა აგრესიები: 1992, 2008, 2014. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, „ომი უკრაინაში საქართველოსთვის გამოწვევაა, რადგან ის ხსნის ჩვენს იარებსა და ჭრილობებს და იმ შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს, განსაკუთრებით, შედარებით მცირე სახელმწიფოს აქვს“.
მანვე უკრაინისადმი ქართველი ხალხის მიმართ გამოხატულ „სრულ სოლიდარობას“ გაუსვა ხაზი, „იქნება ეს ერთეული ინდივიდების, მებრძოლების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინელ ძმებთან ერთად იბრძვიან, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციები ქუჩებში, უკრაინელი ლტოლვილების მიღება და ა.შ.“.
- 14/12/2022 – უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 11/10/2022 – თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
„ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ [მხარდაჭერას] და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა და მათი სათქმელი არის ის, რომ არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
უკრაინის ომის კონტექსტში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის ფონზე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების „მასობრივ მიგრაციაზეც“ გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „ეს გამოწვევა, გარკვეულწილად, შესაძლებლობაა, რადგან კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა“.
„მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გახსნილი საზღვრების პარალელურად, „უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები“.
- 27/09/2022 – პუტინის მობილიზაციას გამოქცეულები – რა ხდება ლარსის გამშვებ პუნქტთან?
- 17/08/2022 – სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს
- 04/08/2022 – მოქალაქეთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს
ევროკავშირის წევრობა
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენ მადლიერნი ვართ ამ პერსპექტივის, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ბრძოლის შედეგად და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
აღნიშნა რა, რომ „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გადავდგათ ნაბიჯი ამ ახალ პროექტებთან დაკავშირებით“, – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება „ხურავს იმ დებატებსა და კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა გეოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები“.
- 17/06/2022 – კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
ამავე კონტექსტში, მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამან საქართველოს მოსახლეობის „იმედგაცრუება“ გამოიწვია, რომელიც „არასოდეს ყოყმანობდა და რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ევროპისაკენ მიმავალი გზიდან“.
სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით თქვა, რომ „ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას მისი სახელმწიფო უწყებებისა და მისი პოლიტიკური ლიდერებისგან, რას ელოდება ელიტისგან“. „ცხადია, ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მოვისმინოთ მათი მოლოდინები“.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებთან და პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მიღმა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ და აღიარებენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. თქვენ [პარტნიორებო] არ უნდა დაივიწყოთ და გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
ოკუპაცია
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ქვეყნის წინაშე არსებულ „მთავარ გამოწვევად“ დაასახელა და თქვა, რომ „ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამას დამატებითი ანალიზი სჭირდება…, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაკრიტიკება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოკუპანტის“.
„[თუმცა ეს ასე] დარჩება, სანამ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ საოკუპაციო ხაზების მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს „ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან უწევთ ცხოვრება“.
„ისინი არიან მობილიზაციის მსხვერპლნი, მათ უწევთ ასევე, მუქარის ატანა, მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ საქართველომ შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს არ ხდება ასე, ტერიტორიების უკან მიტაცებით. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
გაიხსენა რა რუსეთის მიერ ბოლო ათწლეულებში მეზობლებს მიმართ გამოხატული აგრესია, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველასთვის „ცხადი უნდა იყოს, რომ ოკუპაცია ევროპის კონტინენტზე არ არის მისაღები და ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე“.
პოლარიზაცია
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ კიდევ ერთ გამოწვევად პოლარიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას მისი დასრულება სურს.
„მათ სურთ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი ფიგურები, ახალი პერსპექტივები და ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება იქნება ეს უმრავლესობა, თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა“, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხია. მანვე ქვეყნის რეპუტაციის, სტაბილურობისა და მომავლისთვის თემაზე „სპეკულაციის“ დასრულების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„დაველოდოთ [სასამართლოს] 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ (და მინდა ვიყო დარწმუნებული) საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა თავის მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტასა და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე იყოს კონცენტრირებული, იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ და ესაა სწორედ ის, რასაც ვუსურვებ ქვეყანას 2023 წელს და მინდა, გისურვოთ ყველას, თქვენ, თქვენ ოჯახებსა და მთლიანად მსოფლიოს’, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/12/2022 – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გავრცელების შესწავლა დაიწყო
- 14/12/2022 – სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)