ახალი ამბები

პოლიტიკოსები ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანებიან

ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 430 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 52-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.   

რეზოლუცია საქართველოში არსებული სიტუაციას კრიტიკულად აფასებს ბევრ საკითხში, რომელთა შორისაა პოლიტიკური დიალოგი და არჩევნები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და მედიის თავისუფლება, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა.  

რეზოლუცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და ხელისუფლებას მისი გავლენის აღკვეთისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზეც ამახვილებს ყურადღებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს და მისი გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ მკურნალობისკენ მოუწოდებს.  

ქვემოთ მოცემულია პოლიტიკოსების შეფასებები:  

მმართველი გუნდი   

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება: „[რაფაელ]გლუკსმანი შეიძლება იყოს ევროპის სახე, ან [ანდრიუს]კუბილიუსი, ან რასა [იუნკევიჩიენე], [ვიოლა] ფონ კრამონი ან ვინმე სხვა? ხომ არ არიან ესენი ევროპის სახე, ეს ხომ აბსოლუტურად უღირსი განცხადებებია. ერთ მხარეს არის 3 მილიარდის დამხარჯველი, ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს და აქეთ არის კაცი, რომელმაც 3 მილიარდი და მეტი მოიპარა და რომელმაც ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა, და ეს უნდა გათავისუფლდეს. ეს ხომ სირცხვილია, ამას ხომ საზოგადოება უყურებს. უბედურებაა ამას რომ ისმენს ევროპიდან ქართველი მაყურებელი. როგორ შეიძლება ამაზე არ ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია ადამიანს, წარმოუდგენელია“.   

შალვა პაპუაშვილი – ქართული ოცნება, პარლამენტის თავმჯდომარე: „2012 წლიდან მოყოლებული ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. აი, ამას ვუყურებთ მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას ხედავს ქართველი ხალხი… სინამდვილეში, ეს არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მეგობარი კი არა, სააკაშვილის მეგობარია. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა“.   

მაკა ბოჭორიშვილი – ქართული ოცნება, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ევროპარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც საქართველოს გულწრფელი ქომაგები არიან, სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი და კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს მხარდაჭერას, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მათ ეძლევათ. ჩვენთვის ძვირფასია ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა ის მოსაზრება თუ რეკომენდაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას და საქართველოს მოქალაქეების უკეთეს მომავალს ევროკავშირში. ამავდროულად, რთულია სერიოზულად შეხედო ევროპარლამენტის იმ გზავნილებს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიზანმიმართული დამაზიანებელი კამპანიების საფუძველზე საქართველოს შესახებ მცდარი აღქმების შექმნას და განმტკიცებას ემსახურება. ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს და არასახარბიელო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ის პროცესი, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვაკვირდებით ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებაში; გულსატკენია იმის ყურება, თუ როგორ ხდება ამ მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტის ,,მიტაცების” მცდელობა ვიწრო ჯგუფების მიერ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების და მიზნების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, დღეს ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერების საფარქვეშ მოქმედებს და ძალისხმევას არ იშურებს ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, დეზინფორმაციის კამპანიებში აქტიური მონაწილეობით შელახოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი, უგულებელყოს საქართველოს ხელისუფლების ის მიღწევები, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად.  მათი ასეთი ძალისხმევის მოტივაცია ცალკე განხილვის საკითხია, რაც მრავალ კითხვას ბადებს და აზიანებს პირველ რიგში თავად ევროპული ინსტიტუტების იმიჯს. სწორედ მათი მოქმედების შედეგი გახლდათ ივნისის თვეში მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ვითომდა მედიის თავისუფლების დაცვის ქვეტექსტით იქნა მიღებული და აბსურდული ბრალდებებით იქცა საბაბად ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატობის სტატუსის გარეშე მიენიჭა”.   

ოპოზიცია   

დავით უსუფაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „ქვეყანას ახლა სჭირდება ევროპარლამენტის და ევროკომისიის დადებითი დასკვნები და რეკომენდაციები, მაგრამ ევროპას ამის საშუალება უნდა მივცეთ ჩვენ, ისინი ტყუილს არ იტყვიან, ისინი ლაპარაკობენ სიმართლეს. კარგ რეზოლუციას მოიტანს კარგი მთავრობა, ცუდ მთავრობას მოაქვს ცუდი რეზოლუცია. პროცესი სანქციებთან დაკავშირებით მიდის სრულიად ლოგიკური გზით, თუ არ მოხდა სერიოზული ცვლილებები აქ, საქართველოში“.    

თეონა აქუბარდია – სტრატეგია აღმაშენებელი:„ჩვენ ვხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო ღრმა შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე… გაუარესებული  ტონალობა, რაც ამ ანგარიშში  საქართველოსთან მიმართებაში არის ასახული, რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირდება ქართული ოცნების იმ შურისძიებას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომელიც არის ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში… [და მეორეს მხრივ] თავდასხმების რიტორიკას“.   

ანა ბუჩუკური – საქართველოსთვის: „რეზოლუციაში რაც წერია, ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე, ასევე ივანიშვილის გვარი ასეთ უმძიმეს ფორმაში უკვე მეორედ ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში… ბიძინა ივანიშვილის გარდა საკმაოდ მძიმე ფორმაშია მოხსენიებული ქვეყანაში ზოგადად დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მდგომარეობა“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button