ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 12 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს დაესწრო, რომელშიც მასთან ერთად, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი მონაწილეობდნენ.  

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებსა და რეგიონისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენას.   

ამ კონტექსტში, მონაწილეებმა გაცვალეს შეხედულებები, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის გაძლიერების საქმეში, ასევე როგორ შეუძლია მას დაეხმაროს პარტნიორების მედეგობას, დააახლოვოს ევროკავშირი და აღმოსავლელი პარტნიორები და რეგიონში კანონის უზენაესობისა და რეფორმების წინსვლას შეუწყოს ხელი.  

შეხვედრა უმაღლეს წარმომადგენელთან  

მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს შეხვდა და მასთან ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ურთიერთობების საკითხი განიხილა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმდინარე მინისტერიალი, როგორც „კარგი შესაძლებლობა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობისთვის“.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს  მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.  

შეხვედრაზე დარჩიაშვილმა და ბორელმა ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, „ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში“. 

საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს, რა დროსაც აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოზიტიური როლი ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.  

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მორიგი ფინანსური პაკეტის გამოყოფისათვის.  

შეხვედრა ევროკომისართან  

ბრიუსელში ვიზიტის დროს, ილია დარჩიაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა განიხილა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული დაახლოებისა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე სრული ინტეგრაციის მნიშვნელობას, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას პარტნიორობის საფლაგმანო პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის“.  

ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოს საფლაგმანო პროექტებს, რაც „ხელს შეუწყობს მედეგობის განმტკიცებას და ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button