skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 20 მლნ ევრო გამოუყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში 20 მლნ ევროს ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის უწყების განცხადებით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ამასთან, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირს გამოყოფილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მას ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის გამოიყენებენ.

თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედეგობას, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებით, სტაბილურობითა და მდგრადობით თავდაცვის სფეროში, მათ შორის, სამშვიდობო ინსტრუმენტების საშუალებით“.

„ეს დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას და მოხმარდება სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო, მობილობისა და კიბერუასფრთხოების მიმართულებებს, რელევანტური არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებით, მარაგებითა და მოხმარებით, ასევე ტრენინგებისთვის საჭირო აღჭურვილობას“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button