„TI საქართველო“: „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნის კანონპროექტი არ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციას
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 1 ნოემბერს განაცხადა, რომ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას“.
- 24/12/2021 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში „შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკის“ შესახებ
ორგანიზაციის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთან, ის არც მაღალი დონის კორუფციის ზრდისა და სახელმწიფოს გაღრმავების კუთხით არსებულ გამოწვევებს პასუხობს.
„[კანონპროექტი] გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფას, რაც აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნას“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
შესაბამისად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „მხოლოდ შემოთავაზებული რეფორმის გატარება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის შესრულებად, რამაც შეიძლება ქვეყანას დააკარგვინოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა“.
- 24/12/2021 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში „შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკის“ შესახებ
- 01/09/2020 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის კანონპროექტს მიესალმება
ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მმართველ გუნდს, „გადახედონ მე-4 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მათ მიერ არჩეულ მიდგომას და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს“.
ამ მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქართულ ოცნებას პარტია ლელოს მიერ 2022 წლის იანვარში ინიცირებული კანონპროექტის იდეების გამოყენებას ურჩევს, რომელიც „დამოუკიდებელი, მულტიფუნქციური და საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას“ ითვალისწინებს, „რაც პირდაპირ და სრულად დააკმაყოფილებდა ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციას“.
ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტს არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის „ფართო მხარდაჭერა“ აქვს და ის პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენებ სამივე კომპონენტს – დამოუკიდებლობის გარანტია; მაღალი დონის კორუფციაზე რეაგირება; საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანება.
„2022 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციები, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოუტანს და განამტკიცებს მის დემოკრატიულ მომავალს“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას ხელიდან არ გაუშვას „ეს ისტორიული შესაძლებლობა“ და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ „ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ მხარესაც კი არ დარჩეს კითხვები, შეასრულა თუ არა საქართველომ ევროკომისიის რომელიმე რეკომენდაცია“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/12/2021 – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, მთავრობა ანტიკორუფციულ რეფორმას უგულებელყოფს
- 10/06/2021 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ოფშორული კომპანიების მფლობელობა ქვეყანაში ელიტურ კორუფციას ახალისებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)