ახალი ამბები

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა, 30 ნოემბერს 80 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილების თანახმად, რომელიც ევროკავშირის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემქნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება ფართოვდება. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, გამოძიებას პროკურატურის ნაცვლად, საგამოძიებო სამსახური წარმართავს.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება.

გარდა ამისა, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუკი დანაშაული სამართალდამცველებმა ჩაიდინეს.

ასევე, პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებებით, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების მიზნით, საგამოძიებო სამსახურის უფროსს საკომიტეტო მოსმენის ჩანიშვნის მოთხოვნის უფლებამოსილებაც ექნება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიესალმა, პარლამენტის ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მომზადებაშიც თავად სამსახურიც მონაწილეობდა. „[ამით] დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის უფლებამოსილება იზრდება“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში და უწყების „შემდგომი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“ სამომავლო თანამშრომლობის მზაობაც გამოხატეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button