ახალი ამბები

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური თბილისს სტუმრობს 

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი თბილისს სტუმრობს, სადაც ის უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

პრემიერთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ „ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“.

ამ კონტექსტში, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, „განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით აშშ-ის მხარდაჭერა აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნის წვლილს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უკრაინის ომი და რეგიონში არსებული ვითარება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ: თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე; ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე;  აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ჯოზეფ ბილბო. 

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა

ვიზიტის ფარგლებში, გენერალი კრისტოფერ კავოლი ასევე შეხვდა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელმაც „საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი  თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა“.

თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალ კავოლის აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსაც შეხვდა. გენერლებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში  საქართველოს წვლილი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button