ახალი ამბები

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი თბილისს ესტუმრა

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი 15-17 მარტს თბილისს ესტუმრა, სადაც ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.

18 მარტს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში, გენერალმა კავოლიმ და მინისტრმა ბურჭულაძემ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, მათ შორის 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაზე „მტკიცე სული“ (Agile Spirit)“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალ კავოლისა და გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GRDP) წარმატებით განხორციელების საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების სფეროში მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, გენერალი კავოლი ვაზიანშიც იმყოფებოდა, სადაც „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს წვრთნის შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან“.

„ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ ამაყად მსახურობენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთსა და მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button