ილია დარჩიაშვილი ნატოს მინისტერიალს დაესწრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 30 ნოემბერს ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო, სადაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე შეხვდა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს, ბისერა ტურკოვიჩს.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას ალიანსის მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მხარდაჭერა, მათ შორის, „შესაძლებლობების გაძლიერების, რეფორმებისა და წვრთნის მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს მათი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტები“.
Glad to be here in #Bucharest for NATO #ForMin, where unwavering support to ??, as well as to the country's aspiration efforts has been once again boldly demonstrated. Special importance of ?? to the Alliance & NATO's commitment to the Open Door Policy have also been highlighted. pic.twitter.com/lTKYlNg9eV
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) November 30, 2022
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარისთვის „უაღრესად მნიშვნელოვანია“ მინისტერიალში მონაწილეობა.
„ბუქარესტის შეხვედრა არის ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე მაღალი დონის პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის გაგრძელება, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
ამ კონტექსტში, სამინისტრო მიესალმა მინისტერიალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის განცხადებაში ალიანსმა შესაბამისი ყურადღება დაუთმო ღია კარის პოლიტიკის ასახვას და ამ კონტექსტში კვლავ დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, – აღნიშნა სამინისტრომ.
- 30/11/2022 – ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონის „სტრატეგიულ მნიშვნელობას“ ადასტურებენ
შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს, ილია დარჩიაშვილი და მისი კოლეგა, ბისერა ტურკოვიჩი მიესალმნენ ნატოს მინისტერიალში ალიანსის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობას, რაც მათი თქმით, „ალიანსის მხრიდან აღნიშნული ქვეყნების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა“.
მინისტრმა ტურკოვიჩმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ურთიერთობებზე, რა დროსაც მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
მინისტრმა დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას საქართველოსთვის „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ აქვს.
დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ და დანიელ კოლეგებსაც შეხვდა და მათთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამ ქვეყნების მხარდაჭერაზე იმსჯელა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)