Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს, სამართლის, განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრის – „მართლმსაჯულების სახლის“ სახლის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე – „ევროკავშირის დღის წესრიგი, მართლმსაჯულების რეფორმა“ – სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და დეპოლარიზაცია გამოყო.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენასა და ევროპული საბჭოს მიერ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას „ისტორიული მომენტი“ უწოდა. „ამას ჯერ არ ვეღირსებოდით ნამდვილად დღევანდელ დღეს, თუ არა, უკრაინის თავდადებული ბრძოლა. ეს უნდა ვიცოდეთ და ყოველ წუთში უნდა ვაღიარებდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი მიღწეული“.

აღნიშნა რა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით ბევრი მიღწევაც ჰქონდა და „ჩვენ მართლაც ვიყავით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაამატა, რომ „ცოტა ჩამოვრჩით…, ჩვენი ერთობლივი ბრალით“.

„ჩვენ არ ველოდებოდით კანდიდატურის წარდგენასაც კი. თარიღი იყო დასახელებული 2024 წელი, რომ ვაპირებდით [განაცხადის გაკეთებას], მაგრამ ამისთვის ჯერ არაფერი იყო მზად და ეს ერთგვარად მოხდა და ჩვენ ვსარგებლობთ და უნდა ამისთვის ჩვენ ძალიან მადლიერები ვიყოთ“, – ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ყველაზე მთავარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანაა. „იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, გზა, იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რომ სწორედ „აქედან გამომდინარეობს დანარჩენი ყველაფერი“ – ადამიანის უფლებების დაცვა; ბიზნესის დაცულობა; ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა; დისკრიმინაციის დაძლევა; მოსმენების აუცილებლობის ან არაუცილებლობის დადგენა; კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა.

„ანუ, ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ზოგადად ვეძახით დემოკრატიას, ყველაფერი გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არა მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არა რის დაცული და ვართ იმის თუ ამის ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულნი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე ამ კონტექსტში, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მის მიერ ვეტოს დადებაც გაიხსენა და ღონისძიების მონაწილეებს უთხრა – „ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, იმ დროს, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავდე ვეტო“.

დეპოლარიზაცია

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსაზრებით, სწორედ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე შეთანხმებით იქნება შესაძლებელი დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულებაც, „რის გარეშეც ყველაფერი იქნება ფუჭი“.

„ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში პირველად შეძლებენ პარტიები, რომ დააყენონ წინ საქართველოს ინტერესები, პარტიულ ინტერესებზე“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ“, ახლო წარსულში „ჩვენ ეს ვერ შევძელით“.

აღნიშნა რა რომ სწორედ „ეს არის ის, რაც გვაფერხებს“, – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნებისმიერ ქვეყნისთვის მნიშვნველოვანია, რადგანაც „თუ არ არის ეს მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება“.

„ეს ჩვენი გასაკეთებელია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც „ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“.

„ჩვენ იქ [ევროპაში] ვიყავით, იქ უნდა დავბრუნდეთ. უნდა ჩვენში დავინახოთ ის შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენში, ჩვენში და საზოგადოებაში არსებობს ამისი პოტენციალი და მე ვარ ძალიან ოპტიმისტი“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვის დასასრულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button