ახალი ამბები

ქართული ლეგიონის მეთაური რუს ტყვეებთან დაკავშირებულ ინციდენტში ჩართულობას უარყოფს

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ მის ლეგიონს „არაფერი საერთო არ აქვს“ ლუგანსკის ოლქის სოფელ მაკიივკაში რუს ტყვეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტთან. „ეს არის რუსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია… არა პირველი“, – ხაზი გაუსვა მან.

გასულ კვირას, სოციალურ მედიაში რამდენიმე ვიდეო გამოჩნდა, რომლის აუთენტურობა ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსმა“ დამოუკიდებლად გადაამოწმა. გავრცელებულ ვიდეოებში 12 ნოემბერს უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირებამდე და მას შემდეგ სცენებია ასახული.

პირველ ვიდეოში, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცის მიერ არის გადაღებული, ჩანს, თუ როგორ გამოდის ნახევრად დანგრეული შენობიდან 10-მდე დანებებული, ხელებაწეული რუსი ჯარისკაცი, რომელთაც მიწაზე დაწოლამდე ავტომატიანი უკრაინელი ჯარისკაცი უწევთ ზედამხედველობას. მეორე ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დრონიდან არის გადაღებული, იგივე ჯარისკაცები მიწაზე გარდაცვლილები ჩანან. მათ, დიდი ალბათობით, სასიკვიდილო ჭრილობები ახლო მანძლიდან აქვთ მიყენებული. პირველი ვიდეოს დასასრული, რომელიც უწყეტი არ არის და დამონტაჟებულია, მომხდარის აღქმას ართულებს. კერძოდ, მასში ჩანს რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ხელები აწეული არ აქვს და ავტომატი უჭირავს. ვიდეოში გასროლის ხმა მკაფიოდ ისმის, თუმცა ვიდეო იქვე წყდება, რადგანაც უკრიანეულ სამხედროს ტელეფონი უვარდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ გავრცელებული ვიდეო „უკრაინელი ნეო-ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ ერთი მტკიცებულებაა“ და წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს იმისა, თუ როგორ უხეშად არღვევს უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკრაინას მომხდარზე „სწრაფი, სრული და ეფექტიანი“ გამოძიებისკენ მოუწოდა. 22 ნოემბერს უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ ინციდენტზე საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ომის წესების დარღვევას, კერძოდ კი – რუსი სამხედროების მხრიდან ჩაბარებას იმიტაციას გულისხმობს, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით აკრძალული ქმედებაა.

საბოლოო ჯამში, მომხდარში უკრაინული შეიარაღებული ძალების შესაძლო ბრალეულობა შესაძლოა იმაში მდგომარეობდეს, დახოცეს თუ არა მათ რუსი სამხედროები იმ მომენტში, როცა ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ უკრაინელ მეთვალყურეს ესროლა, თუ შემდეგ, შურისძების მოტივით.

ქართული ლეგიონის ჩართულობა?

22 ნოემბერს, ფრანგულმა გამოცემა „ლე მონდმა“ დაწერა, ლუგანსკის ოლქში მომხდარ ინციდენტში, 89-ე ბრიგადა და კონკრეტულად ქართული ლეგიონის მოხალისე მებრძლები მონაწილეობდნენ, რაც „სამოქალაქო საქართველოსთან“ ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა უარყო. ქართული ლეგიონი,რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის, ქართველ და სხვა უცხოელ მოხალისე მებრძოლებს აერთიანებს. ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაშია ინტეგრირებული.

ეს ქართველი მოხალისე მებრძოლების მიმართ ომის დანაშაულის ჩადენის პირველი ბრალდება არ არის. 2022 წლის აპრილში გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცების ჯგუფი, რომელთაგან, შესაძლოა, ზოგიერთი ქართველი ყოფილიყო, რუს დაშავებულ სამხედროს კლავს. უკრაინულმა მხარემ მომხდარის გამოძიების პირობა დადო, თუმცა მოკვლევის შედეგები ამ დრომდე უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button